ცელიაკის IV ეროვნული კონგრესზე სკრინინგის პროგრამა წარადგინეს
საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ქუთაისში ცელიაკიის IV ეროვნული კონგრესი გაიმართა. კონგრესის მთავარი თემა – ცელიაკიის ადრეული სკრინინგი, გენეტიკური ფაქტორები, გარემოს გავლენა და იმუნური რეაქციები იყო.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კონგრესზე სკრინინგის პროგრამა წარადგინა, რომელსაც გასული წლიდან ახორციელებს. კონგრესზე სკრინინგის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა და ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძემ წარადგინეს.
პრეზენტაციის ფარგლებში, მონაწილეებს გააცნეს პროგრამის მიზნები, სამიზნე ჯგუფები, სკრინინგის კრიტერიუმები და კვლევის პროცესი. პროგრამა მიზნად ისახავს დაავადების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და შესაძლო გართულებების პრევენციას. გათვლილია აჭარაში რეგისტრირებულ 2-18 წლის ასაკის რისკ-ჯგუფს მიკუთვნებულ 750 ბავშვზე და მოიცავს ცელიაკიის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვან ლაბორატორიულ კვლევებს.
დისკუსიისას ხაზი გაესვა ცელიაკიის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების აუცილებლობასა და სკრინინგული პროგრამების რეგიონებში გაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს აჭარაში დანერგილი პროგრამა და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადების დროული გამოვლენის მიმართულებით.
კონგრესს სხვადასხვა რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, პედიატრები, გასტროენტეროლოგები, ნუტრიციოლოგები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები ესწრებოდნენ. განიხილეს ცელიაკიის დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები.