აჭარა – სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, „SITF Korea 2026“-ის ვიზიტიორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. მათი უმრავლესობა მაღალ ინტერესს იჩენდა სათავგადასავლო ტურიზმის, გასტრონომიის, სამთო ტურიზმის, მათთვის ახალი და უცხო ტურისტული პროდუქტების მიმართ. ზღვისა და მთის შერეულმა ტურისტულმა მიმართულებებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა მედიის, ტურისტული, ავია და სარეკლამო კომპანიების მენეჯმენტთან.
„SITF Korea 2026“-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტიორი ესწრებოდა.