მეცხოველეების პრობლემებით დაინტერესდნენ
აჭარის მთიანეთის მეცხოველეებს პირუტყვი ალპურ საძოვრებზე გადაჰყავთ. მათთვის ნორმალური შრომის პირობების შექმნა მთავარ საზრუნავად რჩება. ჩირუხისა და თაგინურის მთებზე მყოფ მეცხოველეებთან იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები.
ჩირუხის მთაში მოინახულეს ინფრასტრუქტურა. საავტომობილო გზები მთებში მეცხოველეების გასვლამდე მოწესრიგდა, დენი მეცხოველეებს შეუფერხებლად მიეწოდებათ.
თოვლისა და ზამთრის ნარჩენებისგან გაიწმინდა თაგინურის მთაში მისასვლელი საავტომობილო გზა. დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მალე დასრულდება.
მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა რიგი სოციალური პრობლემები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება. ასევე, ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
