საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა  
By

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა  

ევროპის სასახლეში (Palais de l’Europe) საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უმასპინძლა.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ მიმართეს. საპატიო სტუმრის რანგში, სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევის წინაშე დგას, უმოძრაობა წარუმატებლობის ტოლფასია. წინსვლის ერთადერთ გზას კი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გააზრება და ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებების მიმართ მიმღებლობა წარმოადგენს, თანაც ისე, რომ ფორმის მისაღწევად არ გახდეს საჭირო არსის გაწირვა. ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი – თვალი გავუსწოროთ თითოეული წევრი ქვეყნის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს და გავაძლიეროთ ერთმანეთი“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

დასასრულ, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები ელისო ბოლქვაძის შესრულებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო მასალა და საგამოფენო ბანერები.

 

  • No Comments
  • ივნისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *