ტურნირი და სემინარი – კარატეში
ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო სემინარი და ტურნირი შოტოკან კარატეში „Open Georgia“. ტრადიციულ შეჯიბრში ინდოეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ტაჯიკეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ყაზახეთის (სამი ჯგუფი), კორეისა და საქართველოს 250 მწვრთნელი და კარატისტი მონაწილეობდა.
საწვრთნელი სემინარი მსოფლიოს შოტოკან კარატე დოს ფედერაციის შიხანკაის მასტერკლასის წევრმა, ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელმა და მისმა ხელმძღვანელმა, შავი ქამრის მფლობელმა ნოდარ ხაჯიშვილმა ჩაატარა.
სემინარში შიხანკაის წევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრებები დისციპლინა კატაში გაიმართა, რაც ტექნიკის დემონსტრირებას ნიშნავს. ორდღიანი სემინარი და მთლიანად ტურნირი კი კუმიტეთი დასრულდა, ასპარეზობა როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
– ჩვენი სპორტსმენები ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ. არაერთი გამარჯვებული და ფინალისტი გვყავდა, მათ შორის, გოგონები გუნდურ კატაში, ასევე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაშიც. ღონისძიება მაღალორგანიზებულად, ევროპული სტანდარტებით ჩატარდა. იგი მსოფლიო შოტოკან კარატე დოს სპორტულ ღონისძიებათა კალენდარშია შეტანილი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ტურნირის ჩატარებას ხელი შეუწყო – ბათუმის მერიას, სპორტულ ცენტრს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეს, მის დირექტორს შოთა დავითაძეს, რომელმაც ყველა პირობა შეგვიქმნა შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ყველა სტუმარი კმაყოფილია, – გვითხრა ნოდარ ხაჯიშვილმა.
ტურნირი საქართველოს შოტოკან კარატე დოს ეროვნული ფედერაციის, ბათუმის მერიისა და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა


