„ბათუმური ეზო“ – ლამაზი ისტორიები მუსიკალური ცენტრის სცენაზე
By

„ბათუმური ეზო“ – ლამაზი ისტორიები მუსიკალური ცენტრის სცენაზე

ბათუმის ხელოვნების ცენტრმა კიდევ ერთ სასიამოვნო საღამოს უმასპინძლა. „ბათუმური ეზო“ – ასე ეწოდებოდა მუსიკალურ ღონისძიებას, რომელმაც ცნობილი ქართველი შემსრულებლები გააერთიანა. კონცერტის პროგრამაში პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები, ასევე, ბათუმისადმი მიძღვნილი გამორჩეული კომპოზიციები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტრო გახლდათ. საღამო ბათუმური ეზოების ატმოსფეროს გაცოცხლებას, ქალაქის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას ისახავდა მიზნად.

მაყურებელი თბილი, ემოციური და დაუვიწყარი საღამოს მოწმე გახდა – სცენა გაჯერებული იყო მუსიკით, მოგონებებითა და ბათუმური ურთიერთობების საინტერესო ისტორიებით, რომელსაც შეკრებილთ ცნობილი ტელეწამყვანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია აცნობდა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე მრელაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, დავით არჩვაძე, გია ნიკოლაძე, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ელენე ფოჩხუა, ნატო თურმანიძე, გურანდა დოლიძე, ნონა დიასამიძე, რუსკა თავართქილაძე და

ბენდი ირაკლი მენთეშაშვილის ხელმძღვანელობით.

– მიხარია, რომ დღეს ამ კონცერტში ვმონაწილეობდი, ჩემ გარდა ბევრი ცნობილი და თქვენთვის საყვარელი ადამიანი იდგა სცენაზე. სიმღერებით ვიხეტიალე ბათუმის ქუჩებში, უდიდესი პასუხისმგებლობით, სითბოთი, სიყვარულითა და სიხარულით მოვეკიდე აქ გამოსვლას, – გვითხრა ჯემალ სეფიაშვილმა.

– შეიძლება ითქვას, ბათუმში რამდენჯერმე დავიბადე – იმასაც ვთვლი, რომ აქ კონკურსში გავიმარჯვე. იმაზე, რომ მართლაც აქ დავიბადე, ჩემს პირველ კონცერტზე მოგიყვებით, რომლის გამართვასაც წელს ბათუმში ვაპირებ. აქ რა ან ვინ მიყვარს? პირველ რიგში, ხალხი, ხალხიდან იწყება ყველაფერი, – აღნიშნა გია ნიკოლაძემ.

– მიხარია, რომ ამ კონცერტში მეც ვმონაწილეობ. რა თქმა უნდა, ბათუმს ბათუმელები უნდა უმღეროდნენ, მაგრამ ამდენი ვარსკვლავი რომ ჩამოვიდა და ისინი უმღერიან ჩემს ქალაქს, ეს ძალიან მახარებს, – გვითხრა ნატო თურმანიძემ.

– ნებისმიერ კონცერტსა თუ ღონისძიებაზე, რომელიც აქ იმართება, ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ, დღევანდელი განსაკუთრებულია – ვიხსენებთ იმ დროს, როცა ბათუმურ ეზოებში ხალხი ერთმანეთს უზიარებდა ჭირსაც და ლხინსაც. ამაყი ვარ, რომ დღეს სცენაზე მეც ვიდექი, – გვითხრა დათო არჩვაძემ.

– ჩემთვის ბათუმი საქართველოს გულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან აქ ფეთქავს არა მარტო ქვეყნის კულტურული ინტელექტი, არამედ ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურიც და, რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივიც – ბათუმი ხშირად არის ტონის და ხმის მიმცემი მთელი ქვეყნისათვის. ვფიქრობ, კარგი საღამო ჩატარდა, ბათუმს ჰყავს ინტელიგენტი საზოგადოება, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ოც გვერდზე მეტი წავიკითხე, მეგონა, ხალხი არ გაჩერდებოდა, მაგრამ ერთ ადამიანსაც კი არ დაუტოვებია დარბაზი. მაყურებელი კმაყოფილი იყო, რადგან მარტო ბათუმთან დაკავშირებული შესანიშნავი სიმღერები კი არ მოისმინა, არამედ გამორჩეული ბათუმური ისტორიები, რომელიც არა მარტო ამ ქალაქის წარსული, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის მარგალიტებია, – აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

– ვიცოდი, რომ კარგი საღამო იქნებოდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა, ემოციებით დავიტვირთე. მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, რომ ასეთი დღესასწაული გვაჩუქა, – აღნიშნა ბათუმელმა სოფო მახარაძემ.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე დაესწრო.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *