არაღჩი:  პრობლემა ამერიკის ხედვაა
By

არაღჩი:  პრობლემა ამერიკის ხედვაა

ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მედიაციის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა იმ ფონზე, როდესაც ტრამპი ომის კიდევ უფრო გამწვავებითა და ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებით იმუქრებოდა.

ერაყელი და ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალ-ზაიდის ვიზიტი თეირანში თეთრ სახლში ტრამპთან მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა.

ცეცხლის შეწყვეტის წინადადების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ირანელი ოფიციალური პირების თქმით, ეს იყო ერთადერთი შეთავაზება, რომელიც განიხილებოდა, ხოლო თეირანი არ იყო დაინტერესებული დროებითი შეთანხმებით, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხს გადაუჭრელს დატოვებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ალ-ზაიდი თეირანში მაღალი რანგის ერაყელი ოფიციალური პირების დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს, ქვეყნის მთავარ მომლაპარაკებელს, ბრიგადის გენერალ მოჰამად ბაღერ ღალიბაფს და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის.

არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ირანსა და ერაყს, რომლებსაც საერთო საზღვარი აქვთ, მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირები აქვთ, ხოლო მიმდინარე რეგიონული ვითარების გათვალისწინებით ერაყის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მისივე თქმით, ალ-ზაიდიმ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ მიღებული „შეხედულებები და შთაბეჭდილებები“ ირანულ მხარეს გაუზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შუამავლების ნაკლებობა არ აქვთ.

„პრობლემა შეტყობინებების გადაცემაში არ არის. პრობლემა ამერიკის ხედვაა – ის ალოგიკურია, ხარბია და კონტროლისკენ არის მიმართული“, – განაცხადა არაღჩიმ.

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *