პრემიერის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში – შეხვედრები და მთავარი გზავნილები
მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფებოდა. იგი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იყვნენ.
პრემიერი შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე, პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობაზე.
„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“, – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
პრემიერი ასევე შეხვდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.
ლიდერებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში.
პრემიერმა სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, ასევე, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა, საქართველოში არსებულ მეგობრულ ბიზნესგარემოს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ხელსაყრელია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე, ხაზი გაუსვა ფინანსური სექტორის განვითარების ტემპს და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე კარგ საფუძველს ქმნის ქვეყანაში ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და საქართველოსა და სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.
„რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობა დავიწყეთ, რათა ერთობლივად განგვეხორციელებინა პროგრამა, რომლის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი იმართება. ამ ინიციატივის მიზანია ყურადღების გამახვილება იმ დიდ ინოვაციებსა და ნიჭზე, რომელიც არსებობს საქართველოში, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის რეგიონში, რადგან ჩვენ საქართველოსა და სინგაპურს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავთ – ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით გაცილებით დიდ გავლენას ახდენენ. ორივე ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ცენტრს უფრო ფართო რეგიონისთვის და სწორედ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა. სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ჰაბი. ასევე, როგორც სინგაპურმა შეძლო ბიზნესების, ნიჭიერი ადამიანებისა და ტექნოლოგიების მოზიდვა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, სწორედ აქ განთავსდნენ და შემდეგ მთელი რეგიონი მოიცვან, ზუსტად იმავე პროცესს ვხედავთ დღეს საქართველოშიც. პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ოქტომბერში ვატარებთ და ვიწვევთ ყველას როგორც რეგიონიდან, ისე საქართველოდან, რათა ერთად შევიკრიბოთ თბილისის ფინანსურ სამიტზე“, – განაცხადა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პატ პატელმა, რომელიც არის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის აღმასრულებელი დირექტორი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტსა და შუა დერეფნის რეგიონში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდრა გამართა Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განსთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს Changi Airports International-ის, როგორც აეროპორტების განვითარებისა და მართვის სფეროში გლობალური ლიდერი კომპანიის გამოცდილების გაზიარებისა და აეროპორტების განვითარების, მართვისა და საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
ასევე პრემიერმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთან.
ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
,,გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე – მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. წელს პირველი თვეების განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები. დაახლოებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი საქართველოდან. გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად წავახალისოთ. გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის არის განათლების, ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო. ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს.
ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ გაღრმავდება ურთიერთობები. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით და გაღრმავდება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სინგაპურს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისას.
თამარ ლამპარაძე