საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტიორების მიერ განხორციელებული ვიზიტიოების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტიორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე, ექსკურსანტი.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში ვიზიოტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 328.9 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტიორების ჯამური რაოდენობის 25.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (380.1 ათასი), თურქეთისა (287.0 ათასი) და სომხეთის (199.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტიორების უმრავლესობა – 45.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტიორების მთლიანი რაოდენობის 42.9 პროცენტს შეადგენდა.
2026 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 49.6 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი.
2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.30 ღამე) 3.5 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 81.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა.