ბსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცენტრში პირველკურსელთა საზეიმო მიღება და საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წელი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩევა, წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდა. ამ ახალი ფორმატით ბსუ-ში 100-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი ჩაირიცხა, რაც პროგრამებისადმი მაღალ ინტერესსა და მზარდ აკადემიურ კონკურენციაზე მიუთითებს.
ამ ეტაპზე ცენტრში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული 6 პროფესიული პროგრამა მოქმედებს: საექთნო განათლება; ფარმაცია; ბუღალტრული აღრიცხვა; საფინანსო სერვისები; საბიბლიოთეკო საქმე; აღმზრდელი.
ახალჩარიცხულ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ის, პროფესიული განათლების სფეროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის წამყვანი დამსაქმებლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების შეძენის პერსპექტივებს.