შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი გვიკრძალავდა ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, თავად კი ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს
„ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 21%-ით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ქმედებაში ჩანს ფარისევლობა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს ფარისევლობას, რომელსაც ჩვენ ევროკავშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მათ შორის, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიეტუვა იყო ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, რუსეთში. ახლაც ამას ვხედავთ ნავთობპროდუქტებსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებით, იქნება გაზი თუ ნავთობი, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შესყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, მთელი ჩვენი ვაჭრობა რაც არის წელიწადში, თვე-ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მარტო თხევად გაზში. რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდ-ნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და, მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.