ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დგას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მედიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ დონატორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ დონაცია, არამედ ნდობა, რასაც პარტია ამომრჩევლისგან იღებს.
მისი განცხადებით, აღნიშნული დონაცია კარგად აჩვენებს, რომ პარტია დგას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაზე.
„იცით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა რეფორმები, რათა პარტია გახდეს კიდევ უფრო სახალხო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეისა და მოწოდების შესაბამისად. ასევე, რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ, როგორ წარმოგვიდგენია პარტიის განვითარება, რაც ეყრდნობოდა ორ ძირითად კომპონენტს. პარტიის წევრთა ფართო მონაწილეობას პარტიის საქმიანობაში – შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიის წევრების უშუალო მონაწილეობას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს განხილვა, როგორ მოხდეს ტექნიკურად, ელექტრონულად, აპლიკაციის მეშვეობით თუ სხვა გზით; მეორე კომპონენტი უკავშირდება პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას. ეს უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი პარტიის დამოუკიდებლობისთვის, რათა ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი იყოს. ამის მთავარი გარანტი არიან სწორედ პარტიის წევრები. გუშინ დავიწყეთ ეს პროცესი, „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერმა დონაცია გააკეთა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და იმ იდეისთვის, რასაც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობა“. განსაკუთრებულად გამოვყოფ ჩვენს ემიგრაციას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ რიცხავენ ხუთ, ათ, ოც ლარს და ასეთი რაოდენობის თანხას. ეს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაზე, პარტიის მრავალათასიანი წევრებისა და ამომრჩევლის სიმტკიცეზე. ბიძინა ივანიშვილის რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ გატეხა, ვერ იყიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ეს არ არის მხოლოდ დონაცია, ეს არის ნდობა, რასაც ვიღებთ ამომრჩევლისგან და გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმა იყოს სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენგან ითხოვს ამომრჩეველი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.