ანსამბლი „არგინეთი“ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს
By

ანსამბლი „არგინეთი“ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, პოლონეთში, ნოვი სონჩში, ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალში „მთის ბავშვთა დღესასწაული“ (Święto Dzieci Gór) მონაწილეობს.

კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ხულოს ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ მონაწილეობა მიიღო ფესტივალის საზეიმო გახსნის ღონისძიებებში – საფესტივალო მსვლელობასა და გალა კონცერტში.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, ნოვი სონჩის მერიაში, შეხვედრა გაიმართა ფესტივალში მონაწილე ანსამბლების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ნოვი სონჩის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლონეთის პარლამენტის წევრი ბარბარა ბარტუში, საქართველოს გენერალური კონსული კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფესტივალის როლზე მსოფლიო ბავშვთა შორის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების გაძლიერების პროცესში. ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეებს პროგრამა გააცნეს და წარმატებები უსურვეს.

საერთაშორისო ფესტივალი „მთის ბავშვთა დღესასწაული“ 25 ივლისს დაიხურება. მასში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 10 ფოლკლორული ანსამბლი, 400-მდე ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს.

ფესტივალის მიზანია მსოფლიოს მთიანი რეგიონების ავთენტური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების საშუალებით, ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *