ედნარ ნატარიძე: სოფელ ცეცხლაურში, საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა
By

ედნარ ნატარიძე: სოფელ ცეცხლაურში, საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა

18 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა გაიმართა. რეგისტრაცია 15-მა დეპუტატმა გაიარა. დღის წესრიგით, იგი პოლიტიკური დებატებით დაიწყო, შემდეგ კი, 13 ხმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს.
უსკოს თავმჯდომარე ბოლო 10 წლის განმავლობაში პარმენ ჯალაღონია გახლდათ, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მორიგი განაცხადი კი აღარ შეიტანა. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად აჭარის უმაღლეს საბჭოში სპეციალური კომისია იყო შექმნილი. თავმჯდომარეობა ორ კანდიდატს – მარიამ გუგუნავას და პაატა კეშელავას სურდა. კომისიამ არჩევანი პაატა კეშელავაზე შეაჩერა. ის 2007 წლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსად მუშაობდა.

„აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამასთანავე, პასუხისმგებლობაც. მადლობა მინდა მოვახსენო თითოეულ დეპუტატს მხარდაჭერისთვის. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე ჩემი საქმიანობა დაეფუძნება დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარის თანასწორობისა და საზოგადოების მყარი ნდობის პრინციპებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მჭიდრო პარტნიორული და სინქრონული თანამშრომლობით, მთავარი სტრატეგიული ამოცანა იქნება მორიგი, 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება. მზად ვარ, მთელი ჩემი პროფესიული გამოცდილება, ცოდნა, ენერგია მოვახმარო უწყების შემდგომ განვითარებას და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის კიდევ უფრო განმტკიცებას“, – გვითხრა პაატა კეშელავამ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ გააკეთა მოხსენება. შემდეგ კი კანონმდებლებმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ედნარ ნატარიძეს მოუსმინეს. მინისტრმა სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე,

აჭარაში ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტალის შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2%-ს შეადგენს. შემოსავლების გეგმა 185 236 400 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ 202 912 400 ლარი, 109,5% შეადგინა.

ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ბრუნვა – 9%, დასაქმება – 5%, პროდუქციის გამოშვება კი 16%-ით არის გაზრდილი. ტურიზმი – 2025 წელს აჭარაში, შიდა და უცხოელი ვიზიტიორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4,872,986-ს მიაღწია (ზრდა – +3,5%). 2025 წელს მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია (ზრდა – +12%). მისივე თქმით, 2025 წელს ბათუმმა World Travel Awards-ზე კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ის ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ესპანურმა Forbes-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დაახლოებით 260 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. 2026-2029 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება; საგზაო ინფრასტრუქტურა – 2025 წელს 22 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონოს საფარი მოეწყო; აშენდა 10 ხიდი, მოეწყო 77 ხელოვნური ნაგებობა და 55 კმ ბეტონის საფარი. 2026 წელს დაგეგმილია 56 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, აშენდება 35 ხიდი, მოეწყობა 302 ხელოვნური ნაგებობა და 60 კმ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი. 2026 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია 46 მიმართულებით გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია, ჯამში, 56 კმ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში, საქართველოში პირველი, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აშენდა. ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში არასტანდარტული, ღია ნაგავსაყრელების დახურვის პროცედურები მიმდინარეობს. გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა იქმნება. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ, აჭარის მასშტაბით 39 სოფელი და დაბები (9000 აბონენტი/დაახლოებით 40 000-მდე მოსახლე) უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აჭარაში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში სულ 1077 ბინა მოეწყობა. დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება – გაზსადენი მოიცავს ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთს (დაახლოებით 120.0 კმ), საიდანაც უკვე დასრულებულია ბათუმი-ხულოსა და გოდერძის უღელტეხილი-კურორტ „გოდერძის“ მონაკვეთები. ამ ეტაპზე სრულდება პროექტის დარჩენილი ნაწილი – ხულო-გოდერძის გზის გასწვრივ გაზის მილების მოწყობა, დაახლოებით 2,2 კმ“, – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ.

„მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

 

  • No Comments
  • ივნისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *