ზურაბ პატარაძე: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია
By

ზურაბ პატარაძე: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, კონფერენციის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განსაკუთრებით საამაყოა, რომ აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი სწორედ აჭარიდან დაიწყო. იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და დიდი ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა, ქართულ მეცნიერებას დღემდე აძლიერებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გამოგვეხატა პატივისცემა მეცნიერების, მათი შრომისა და იმ განსაკუთრებული წვლილის მიმართ, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერთანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს – აკადემიკოსებს ვანო პაპუნიძეს და ლიანა მელიქიშვილს მადლობის სიგელები გადასცა.

ორდღიანმა სამეცნიერო ფორუმმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის ექსპერტები გააერთიანა.

სამეცნიერო კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *