ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალიც. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე, განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
მთავრობის მეთაურმა ისტანას რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.