კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებსა და მცენარეთა დაცვის საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები – გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, სადაც კლიმატის ცვლილების ფონზე სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა გლობალური კლიმატური ცვლილებების გავლენაზე და აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ეფექტიანად დასაძლევად ყველა შესაბამისი უწყებისა და დარგის წარმომადგენლის კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია.
კონფერენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კლიმატური პირობების გავლენით შექმნილ ვითარებასა და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს აზიური ფაროსანას მონიტორინგი და საწინააღმდეგო ღონისძიებები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტარდება იტალიური და მაროკოული კალიების წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა მეფუტკრეობის დარგში შექმნილ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე ესწრებოდნენ.