საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შუახევის რესურსცენტრის მიერ 2025-2026 სასწავლო წელს განხორციელებული შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების შემაჯამებელი წარდგენა და მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეების, მათი მასწავლებლებისა და წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო პროექტები ორიენტირებული იყო როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებაზე, ასევე, მოსწავლეთა მხარდაჭერაზე, სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა წახალისებაზე. პროექტებს ფინანსურ მხარდაჭერას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უწევდა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე. კონკურსი ჩატარდა ინგლისურ ენაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ისტორია-სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაში. მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში მონაწილეობდა 583 მოსწავლე. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
მადლობის ბარათები გადაეცათ სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს მიღწეული წარმატებისა და კონკურსის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე თენგიზ ივანაძე.
ცოტნე ცაბაძე