სკოლის შენობა – 120 მოსწავლეზე
მეწყრულმა პროცესებმა რამდენიმე წლის წინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის კაპიტალური შენობა შეიწირა. სოფელში საგანმანათლებლო პროცესები რომ არ შეფერხებულიყო, ხის შენობა ნაჩქარევად აიგო. ეს დასახლება კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორიაა და აქ მოსახლეობაც საკმაოდაა. ამიტომაც გადაწყდა დანისპარაულში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლის აშენება. მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
ორსართულიან, 120 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განთავსდება 12 საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, სამასწავლებლო, ადმინისტრაციული კაბინეტები. სკოლა ახალი ინვენტარითა და თვალსაჩინოებით მომარაგდება, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
რელიეფიდან გამომდინარე, გაკეთდება საყრდენი კედლები. სკოლას ღია სპორტული მოედანი ექნება. საპროექტო ღირებულება 4 250 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხულოელთა დელეგატი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი რამაზ გელაძე გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე