„ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ყოველწლიურად იგრძნობა“
By

 „ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ყოველწლიურად იგრძნობა“

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მოწყენის საშუალებას არ იძლევა: ოპოზიციურ ალიანსში ურთიერთაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს, ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის პოსტები ამის თვალსაჩინო მაგალითია, რასაც დაემატა პარტია „ახალიდან“ მირდატ ქამადაძის წასვლა, აღარაფერს ვამბობთ ოპოზიციის კრიტიკაზე მმართველი გუნდისადმი და პირიქით, ამ მხრივ საყურადღებოა ისიც, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, ამ ნუსხაშია ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებული პარტიები. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში ალაპარაკდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, რაც, ცხადია, არასახარბიელო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „ახალის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გორგილაძე.
თავდაპირველად, ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ, თქვენი პარტია მირდატ ქამადაძემ დატოვა, რამდენად მოულოდნელი იყო მისი გადაწყვეტილება?
– ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მირდატი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში გავიცანით, ეს ბრძოლა გრძელდება, ერთად გავალთ ფონს. მირდატის გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო, თუმცა სხვადასხვა საკითხში იყო აზრთა სხვაობა. ამის შესახებ მირდატმა არაერთხელ ისაუბრა თავის პოსტში, უფრო ვრცლად – ტელეეთერში. არ დაგიმალავთ, რომ ზოგჯერ ვეთანხმები, ზოგჯერ – არა, რადგან იმ მოცემულობის შეცვლა, რომელიც არსებობს ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, არის რთული. მოკლედ, რახან აზრთა სხვაობა იყო, მირდატმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე მას დიდ წარმატებას ვუსურვებ თავის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, საერთოდ, გამარჯვებას ვუსურვებ მას, საკუთარ თავს და ჩვენს სხვა თანამებრძოლებს, ყველას, ვინც გაგვაერთიანა ამ ბრძოლამ.
– „პოლიტიკა არის საუბარი, პირველ რიგში, იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება ეს მირდატ ქამადაძის სიტყვებია, რომელიც მან ყოფილ პარტითან დაკავშირებით თქვა, რას ფიქრობთ?
– გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რთულ ვითარებაში ვართ ანტიდემოკრატიული რეჟიმის პირობებში. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ საუბარი განსხვავებული აზრის ადამიანებთან აუცილებლია და მნიშვნელოვანი. აქვე იმასაც დავძენ, რომ ეს გაცილებით მარტივია მაშინ, როცა დემოკრატიასთან მიახლოებული ფორმები არის შემორჩენილი ქვეყანაში. სტრატეგიულად სწორია მირდატის ნათქვამი, თუმცა შესასრულებლად არც ისე მარტივი. თუკი გიყალბებენ არჩევნებს, შენ უნდა შეეცადო, რომ მმართველ პარტიას მაქსიმალურად შეუზღუდო სივრცე, ამ მხრივ მნიშვნელოვანია მას წაართვა ამომრჩეველი. ცხადია, სწორი სტრატეგიაა შესარჩევი და ამაზე ვმუშაობთ.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით სააკაშვილისა და მელიას ურთიერთბრალდებებს, თქვენი აზრი ამის შესახებ
– მელიასა და სააკაშვილს შორის დაწყებული ეს უთანხმოება არასახარბიელოა. უნდა ითქვას, ვინ და როდის დაიწყო ეს უთანხმოება. ნიკა მელია ფაქტობრივად, იძულებული გახდა, რომ წამოსულიყო პარტიიდან თავის თანამოაზრეებთან ერთად. ეს თანამოაზრეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ისმოდა კითხვები მელიას მხრიდან სააკაშვილის მიმართ. ნიკა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სააკაშვილი იყო პოლიტპატიმარი და უთანხმოებაზე ისაუბრებდა მაშინ, როცა ორივე იქნებოდა თავისუფალი. მიშას თავისუფლება დამოკიდებული იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე… გარკვეული დროის შემდეგ ნიკა მელიაც აღმოჩნდა საპყრობილეში და ახლა ვხედავთ ღვარძლს, რომელიც იფრქვევა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდიდან. სააკაშვილი ხან მელიაზე წერს პოსტს, ხან მელიას თანამოაზრეებზე, ხან „კორიდას“ ვიდეოებს აზიარებს. ეს ცოტა პარადოქსულია. საუბარი იმაზე, რომ თვითონ არ წერს ამ პოსტს და „ადმინი“ ჰყავს, არადამაჯერებელია. ამ შემთხვევაში, რახან ორივე პოლიტპატიმარია, მელიამ საჭიროდ ჩათვალა, ეპასუხა, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეიძლება ამდენის მოთმენა. გასაგებია, გინდოდეს ერთი პარტიის ლიდერობა, მაგრამ ეს ოპოზიციაში კი არ უნდა გინდოდეს, არამედ იქ, სადაც მართლაც საჭიროა. ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება არ უნდა გწყინდეს (ვგულისხმობ სააკაშვილს). პირიქით, ოპოზიციური ერთობა, ოპოზიციის ფლანგზე ყველას გაერთიანება და გაძლიერება არის მნიშვნელოვანი, რათა მოწინააღმდეგე დამარცხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი და ამის გამოძახილი იყო ნიკა მელიას პოსტი.
– სხვათა შორის, ნიკა მელიას პოსტს სააკაშვილის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ნაცმოძრაობის მხრიდან, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციური ალიანსის დაშლა?
– „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ რაღაც ტროლ-ბოტების ჯგუფები ჰყავთ. განსხვავებული აზრის მიღება რომ უჭირს „ნაცმოძრაობას“ ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენ განსხვავებული აზრი გვქონდა და რადგან გაუჭირდათ ამის მიღება, ამიტომაც დავტოვეთ პარტია. ის, რომ ნიკა მელიას სწორი გზავნილები სააკაშვილისადმი არ აღმოჩნდა მათთვის სახარბიელო, გასაკვირი არ არის. აქ მნიშვნელოვანია გზავნილები, რომლებიც ნიკა მელიამ და სააკაშვილმა ერთმანეთს გაუგზავნეს. საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი მელიას გზავნილს შეაფასებს დადებითად, რადგან სააკაშვილმა ჯერ ისრები მიმართა იმ ადამიანზე, რომელმაც მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში და ისე ორაზროვნად დაწერა ეს პოსტი, რომ ყველა იფიქრებდა ნიკა მელიაზე. სააკაშვილის ამ პოსტმა აკინკლავა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები. შემდეგ პოსტში კი დაწერა, რომ საერთოდ არ გულისხმობდა ნიკა მელიას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოასწორა თავისი შეცდომა და ახალი ბრალი დასდო მელიას – თითქოს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა. ყველა აქციაზე ვიდექი. როცა გაცხადდა, რომ ვათენებთ ღამეს კანცელარიასთან, 60-ათასიანი აქცია მიმდინარეობდა იმ დღეს, მაგრამ მეორე დღეს, დილით კანცელარიასთან ორასმა ადამიანმა გავახილეთ თვალი… იქ ნიკა მელია იდგა და არა სხვა ლიდერები, რომლებიც დღეს თავგამოდებით გაიძახიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ყველაფერს აქვს საზღვარი, შევახსენებ მკითხველს, რომ მიტინგზე გვარამიამ წაიკითხა მიშას ხელით დაწერილი წერილი, სადაც ეწერა, რომ არჩევნებში უნდა ჩავერთოთ, დიდი ქალაქები უნდა მოვიგოთ, წარმატებები უსურვა ნიკა მელიას თბილისში, გიორგი კირთაძეს -ბათუმში, ხატია დეკანოიძეს – ქუთაისში… ასე რომ, ზღაპარში არ ვცხოვრობთ, რომ შევთხზათ ეს ყველაფერი.
ახლა სხვა აქტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ქვეყანა ვითარდება და ოპოზიციის კრიტიკა ამ მხრივ უსაფუძვლოა, რას, ფიქრობთ?
– სტაბილურობა ამ ქვეყანამ დაკარგა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. „ნაცმოძრაობის“ შეცდომებზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, გვისაუბრია და ვსაუბრობთ პარტიაში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდა, გაძლიერდა. არსებულ ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რამის გაკეთების სურვილი – გააკეთებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ჩინოსნები ხელისუფლებაში გასამდიდრებლად მოვიდნენ, კორუფციის ფაქტებმა ეს ცხადყო, შედეგი უარყოფითია ყველა ასპექტში – ეკონომიკურად და მენტალურად.
დღესდღეობით ოპოზიცია ქმნის თუ არა დღის წესრიგს ქვეყანაში, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია სატელევიზიო ოპოზიციად გადაიქცა, ამაზე რას იტყვით?
– ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში დღის წესრიგის შექმნა რთულია იმიტომ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ყოველწლიურად იგრძნობა. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღის წესრიგს ქვეყანაში ვერ ქმნის. ასევე, შეიძლება დავეთანხმო ხუხაშვილს იმაშიც, რომ ოპოზიცია სატელევიზიო ოპოზიციად იქცა. ოპოზიციის ერთ-ერთი მოვალეობაა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა და იმ პლატფორმების გამოყენება, რაც შეგვრჩა, ვგულისხმობ კრიტიკულ მედიას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ტელეეთერიდანაც ვესაუბროთ ამომრჩეველს პირადად და ჩვენ ამას შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ.
მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, ეს რისი მანიშნებელია?
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ, ამას გავაკეთებთ პარტიული თუ არაპარტიული ხაზით, მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანა მიდის უკან, დიახ, დემოკრატიული, ეკონომიკური, რეფორმების თვალსაზრისით მივდივართ უკან და ამის დასაძლევად, როგორც რიგითი ქართველი ლევან გორგილაძე, ბრძოლას ვაპირებ.
საქართველოში აზრთა სხვაობა გამოიწვია აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებამ, რომელიც ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან მაისში გამართულ შეხვედრებს მოჰყვა, თქვენი აზრი ამის თაობაზე. . .
– ამ შეხვედრას „ქართული ოცნება“ თხზავს ისე, როგორც თვითონ აწყობს. ეს არ არის ახალი ამბავი. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ გაიზარდოს, თუმცა ყველა შეხვედრის შემდეგ ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის სპიკერები გამოდიან და სხვა რაღაცაზე საუბრობენ, მერე კი ვიგებთ წარმომადგენლებისგან, რომ ასე არ ყოფილა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშსთან ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება და საქართველო დასავლური რადარებიდან არ არის ამოვარდნილი
– საქართველო დასავლური რადარებიდან ნამდვილად არ არის ამოვარდნილი, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელიც უწყვეტად აპროტესტებს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. ასევე, მნიშვნელოვანია ის შეუგუებლობა შენარჩუნდეს, რასაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენებთ ამ წლების განმავლობაში.
დასავლეთში ალაპარაკდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, რა მოლოდინი გაქვთ?
– „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. თუ ეს მოხდა, ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ცხადია, ამას არ ვუსურვებ საქართველოს, რადგან ეს ძალიან დააზარალებს როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით.
დაბოლოს, ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები როგორ აისახება საქართველოს მომავალზე?
– მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, რასაც დასავლეთი ითავისებს, მაგრამ წუხან იმაზე, რაც ხდება საქართველოში. სომხეთის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რუსეთმა დაკარგა სომხეთი. ამის შემდეგ დიდი ყურადღება წამოვა საქართველოსკენ, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდანაც, რაც დადებითად არ აისახება არსებულ ხელისუფლებაზე. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის მხრიდან გაიზარდოს ხელისუფლებისადმი ზეწოლა, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ლაშა ხომერიკი.

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *