შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში „პირველხარისხოვანი“ და „მეორეხარისხოვანი“ წევრების იდეა კავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება
By

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში „პირველხარისხოვანი“ და „მეორეხარისხოვანი“ წევრების იდეა კავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსი განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ახალ წევრებს შესაძლოა ვეტოს უფლება შეეზღუდოთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ევროკავშირში განიხილება მოდელი, რომელიც ახალ წევრ სახელმწიფოებს მოქმედ წევრებთან შედარებით განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩააყენებს. პაპუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნებს ექნებათ იგივე ვალდებულებები, თუმცა არ ექნებათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა, რაც მათ უფლებრივად არათანაბარ მდგომარეობაში დააყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ისტორიულად წესებზე დაფუძნებული და წევრთა თანასწორობის პრინციპზე აგებული გაერთიანება იყო. მისი განცხადებით, ქვეყნების „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ კატეგორიებად დაყოფა ამ ფუნდამენტურ მიდგომას ცვლის და თანასწორი სახელმწიფოების კავშირს უთანასწორო სისტემად გარდაქმნის.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის დევიზს – „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ – პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს მიდგომა, რომლის მიხედვითაც განსხვავებული პოზიციების არსებობა ნაკლებად მისაღები ხდება. მისი თქმით, ასეთი მოდელი გადაწყვეტილებების მიღებას გაამარტივებს, თუმცა შეამცირებს დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მნიშვნელობას.
მისივე განცხადებით, თუ ევროკავშირის მომავალ წევრებს სრულფასოვანი ხმის უფლება არ ექნებათ, ეს ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობის გარეშე შეიძლება იქნას მიღებული. ამ კონტექსტში პაპუაშვილი იხსენებს ბრიუსელის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ პრინციპს – „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“ – და აღნიშნავს, რომ ახალი ინიციატივა სწორედ ამ მიდგომისგან გადახვევას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილების შემთხვევაში, ევროკავშირი აღარ იქნება ის გაერთიანება, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი რამდენიმე წლის წინ გააკეთა და რომლისკენ სწრაფვაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის განსაზღვრული.
„საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირში განიხილება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ახალ წევრ ქვეყნებს ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდებათ.

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *