შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის
By

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებას  ეხმიანება, სადაც  იგი ამბობს, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს და გადაწყვეტილება კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.
„ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო.
წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა.
პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია.
სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.
თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა.
ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“…
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.
თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც“, – წერს  პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *