„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა“
By

„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა“

მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა, დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები.

„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ პრეზიდენტს და სრულიად ყირგიზეთს ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოში მოიპოვა და რომლის საფუძველზეც ყირგიზეთი 2027-2028 წლების პერიოდში დაიკავებს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოზიციას.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა მისი განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.

ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს პროექტიც დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველო, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. მთლიანობაში, ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის და კონკრეტულად ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

„ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში მისთვის მოსახერხებელ პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

დასასრულ, ჩემი და დელეგაციის წევრების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის და განვითარების შთამბეჭდავი ტემპების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მადლობა და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *